სააკაშვილის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - ,,დროა"

26.10.21 15:26
სააკაშვილის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - ,,დროა"

პარტია ,,ელენე ხოშტარია - დროა" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ფართო პროფილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

 ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება.
თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშწორება, უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე.
ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
- ნათქვამია ,,დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე და ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტები გამოიყენონ, ,,რათა დაცული იყოს პატიმრის, მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება".