დამირეკეს, ჩოხოსნების შეკრებააო, არ ვიცოდი, აქცია თუ იყო - აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე

26.10.21 18:17
დამირეკეს, ჩოხოსნების შეკრებააო, არ ვიცოდი, აქცია თუ იყო - აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე

 ბათუმის მერობის ოპოზიციური კანიდატის, გიორგი კირთაძის, წინააღმდეგ ,,ოცნებამ" ბათუმში დღეს ქუჩაში ჩოხოსნებისა  და საჯარო მოხელეების ნაწილი მოტყუებით  გამოიყვანა.

იუნკერების მემორიალთან ჩოხოსნების ნაწილი დღეს  კულტურულ ღონისძიებაზე დაიბარეს, ადგილზე მისულებმა კი აღმოაჩინეს, რომ პოლიტიკურ აქციაზე იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებებით, ,,ენმ"-ს ბათუმის მერობის კანდიდატს არ აქვს მორალური უფლება, იყაროს კენჭი ასეთ პოსტზე, რადგან როცა კირთაძე წინა ხელისუფლების პირობებში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ცდილობდა, ე.წ. იუნკერთა მემორიალის ირგვლივ არსებული ტერიტორია გაესხვისებინა, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე იძულებული შეიქმნა, გადაწყვეტილება შეეცვალა.

მოღალატეობრივ აქტზე ხელისმომწერი ადამიანი დღეს ბათუმის მერობის კანდიდატია. მას ყოფნის იმის სინდისი, რომ უნდა გაიმარჯვოს და ბათუმის მომავალი მასზე უნდა იყოს დამოკიდებული? ეს აქცია არავის დაორგანიზებული არ არის, ჩოხოსნები, უბრალო მოქალაქეები თავად მოვიდნენ - განუცხადა ტვ პირველს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 

აქციაზე იმყოფებოდა აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ჩოხოსანი, ჯონი ცივაძე. ,,ტვ პირველთან" საუბრისას ის განმარტავს, რომ დაუკავშირდნენ ტელეფონზე და ჩოხოსანთა შეკრებაზე დაპატიჟეს, ხოლო თუ იქ ოპოზიციის კანდიდატის მოწინააღმდეგეთა აქცია იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

მე ვიცოდი, დამირეკეს, რომ ჩოხოსნების შეკრებააო და მივედი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ კირთაძის საწინააღმდეგო აქცია იყო. ეს ყველაფერი აქციაზე გაირკვა და მოვისმინე. იქ მოვისმინე, არ ვიცოდი ნამდვილად. შეკრებაზე შვილიშვილთან ერთად მივედი - განუცხადა ტვ პირველს ჯონი ცივაძემ

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება აგონიაშია და უკვე ისეთ ეტაპზე იმყოფება, რომ მოტყუებით ცდილობს  საკუთარ მომხრეთა აქციაზე ხალხის მობილიზებას.