შეიძლება, სწრაფი გართულება მოხდეს - ექიმი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
ექიმი ეკატერინე მხეიძე, რომელიც 2018 წლიდან ჰოლანდიაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ამბობს, რომ მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
მხეიძე სააკაშვილს რუსთავის ციხეში დღეს მოინახულებს და პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნობა.
როგორც ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მედიკოსი "ტვ პირველთან" აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სააკაშვილი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში იქნას ჰოსპიტალიზებული.
ჰოლანდიაში რა შეხებაც მქონდა, ასეთ დროს პალატის შესასვლელთან დგას პოლიციელი, ან ბადრაგი. პაციენტს კი სამედიცინო დახმარება მიეწოდება. მოშიმშილე პატიმართან მიმართებით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მომსახურე პერსონალს, ათმაგად უფრო მძაფრდება ეს ყველაფერი - იქ არის ფსიქოლოგიური დატვირთვა. ასევე ორგანიზმი გამოფიტულია და ყველანაირი დიაგნოსტიკა შეიძლება დაგჭირდეს. ამისთვის მზად უნდა იყო, შეიძლება ციხის საავადმყოფოში ყველაფერს ცდილობენ, არავის ვაკნინებ, თუმცა ასეთი თანმხლები დაავადებების ფონზე და 27 დღიანი შიმშილობის შედეგად, შეიძლება ისეთი სწრაფი გართულება მოხდეს, საჭიროა მრავალპროფილიანი კლინიკა, სადაც ყველაფერი თავმოყრილია"- აცხადებს ექიმი.