სააკაშვილი სრულ იზოლაციაშია - მესამე პრეზიდენტს ადვოკატებთან კომუნიკაცია შეუზღუდეს

27.10.21 15:31
სააკაშვილი სრულ იზოლაციაშია - მესამე პრეზიდენტს ადვოკატებთან  კომუნიკაცია შეუზღუდეს

ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან დაცული კომუნიკაცია შეუზღუდა. კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენეს. 

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ბარიერი კორონავირუსიდან გამომდინარე გააკეთეს.

მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს დაცვის უფლება. ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ცხადია, ხორციელდება აუდიოჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ამოვსებული ბარიერი.

დღეს როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი, ანუ ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, ყველა კომუნიკაცია გაკონტროლდეს ხელისუფლების მხრიდან და გართულდეს კომუნიკაცია", - ამბობს ადვოკატი.