როგორ დავიცვა სააკაშვილი მასთან შეხვედრის გარეშე? - ევგენი გრუშოვეცი
როგორ უნდა დავიცვა სააკაშვილი მასთან შეხვედრის გარეშე? ასეთი საკითხები სატელეფონო ზარებით არ წყდება - აცხადებს ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში ევგენი გრუშოვეცი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, რომელსაც გუშინ ქვეყანაში არ შემოუშვეს.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი ვიზიტის შესახებ საქართველოში შესაბამისმა უწყებებმა 2 დღით ადრე იცოდნენ, თუმცა საზღვრის კვეთის უფლება მაინც არ მისცეს.
როცა ჩამოვფრინდი, მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ შეკითხვები აქვთ. მე ვუთხარი, რომ ჩამოვფრინდი კლიენტთან გასასაუბრებლად და ვაჩვენე მიხეილ სააკაშვილთან გაფორმებული ხელშეკრულება. 40 წუთი შემაყოვნეს, დავუკავშირდი საკონსულოს და ავუხსენი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეიძლება, რამე კანონდარღვევა ჩაიდინოს. მესაზღვრეებთან ერთად იყვნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები. არ მომეცა საქართველოში შემოსვლის უფლება. არც ზეპირი, არც წერილობითი განმარტება მომცეს, რატომ არ შემომიშვეს საქართველოში, იძულებული გავხდი, თვითმფრინავში ავსულიყავი უპასპორტოდ. ძალიან ხშირად ვხდები უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, მაგრამ ასეთი ფაქტი არ გვქონია, რომ ადვოკატი რამდენიმე დღით ადრე აცნობებს უკრაინის უწყებებს, უკრაინა კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ატყობინებს, რომ სააკაშვილის ადვოკატი რამდენიმე დღით მოფრინავს თბილისში და არ მიშვებენ ქვეყანაში, ეს პირველად მოხდა ჩემს პრაქტიკაში.
რამდენიმე მიმართულებით უნდა ვიმუშავო სააკაშვილის საქმეზე. პირველი მიმართულება ის ბრალდებაა, რაც წაყენებული აქვს. ამის გარდა ის უკრაინის მოქალაქეა. ასევე საერთაშორისო სამართლის მიმართულებით სარჩელის მომზადება.
როგორ უნდა დავიცვა სააკაშვილი მასთან შეხვედრის და დაცვის პოზიციების შეთანხმების გარეშე? ასეთი საკითხები სატელეფონო ზარებით არ წყდება. ყველას ესმის, რომ პირადი შეხვედრებია საჭირო - განაცხადა ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში ადვოკატმა ევგენი გრიშოვეცმა.