შსს-ს მიერ საპარკინგე ადგილების შემოსაზღვრა სცდება მისი ვალდებულების ფარგლებს - TI-ის განცხადება

27.10.21 17:06
შსს-ს მიერ საპარკინგე ადგილების შემოსაზღვრა სცდება მისი ვალდებულების ფარგლებს - TI-ის განცხადება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, ქართული ოცნების აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დედაქალაქში საჯარო პარკინგის ადგილების შემოსაზღვრა, მათ შორის, შეკრების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებით, სცდება შეკრების უფლებისა და მანიფესტაციის ჩატარების ვალდებულების ხელშეწყობას.

მათივე შეფასებით, ეს ქმედება ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ხასიათს ატარებს.

წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი მასშტაბის არაგონივრულად შემზღუდველი ზომები არც ერთი პარტიის მხარდამჭერების შეკრების დროს არ მიუღია. აღნიშნული ტიპის ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს გამყოფი ხაზი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მმართველ პარტიას შორის, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში არსებულ უარყოფით პრაქტიკად განიხილება" – ნათქვამია განცხადებაში.