ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას - კობახიძე
ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ გამართული აქციის შეფასებისას მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგზე თქვა.
კობახიძემ მხარდამჭერებს აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას. სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.
გუშინ თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.
აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.აქვე, არ შეგვიძლია ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის", - თქვა კობახიძემ.