ვისი ინტერესი დგას საქართველოში სანქცირებული რუსული სავაჭრო სისტემის შემოყვანის უკან?
ვისი ინტერესი დგას საქართველოში სანქცირებული რუსული სავაჭრო სისტემის შემოყვანის უკან? - "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ კაცი, რომელიც "ვაილბერიზის" საქართველოს წარმომადგენლობას ფლობდა, "ქართუ ბანკის" ერთ-ერთი შეფია.
- რუსული ონლაინ გაყიდვების გიგანტი საქართველოში ფეხს ელვის სისწრაფით იკიდებს - ონლაინ ჰიპერმარკეტი "ვაილდბერიზი" რუსეთში 2004 წელს დაფუძნდა.
- უნივერსალური საცალო ქსელი ყიდის ყველაფერს, ტანსაცმელს, კოსმეტიკას, საკვებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, წიგნებსა და კიდევ უამრავ პროდუქტს. კომპანია რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, თუმცა 20 წლის განმავლობაში რუსულ ქსელს საქართველოში გაყიდვების დაწყების შესაძლებლობა არ ჰქონია.
რუსული ონლაინ გაყიდვების გიგანტი, საქართველოში ერთი კომპანიით არ ოპერირებს. ეს არის მთელი ქსელი. "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ 96-ვე მისამართზე, ყველა პუნქტი, ინდივიდუალურ მეწარმედ არის დარეგისტრირებული, თუმცა საბოლოოდ მაინც მოსკოვიდან იმართება.
ონლაინ ჰიპერმარკეტის ვებგვერდზე, კონტაქტების ველში ჩანს კომპანიის სრული დასახელება. "ვაილბერიზი" საქართველოში შპს "ტრანსკომ გრუპის" სახელით ოპერირებს, მისი მფლობელი კი სერგი თვალჭრელიძეა - პარტია "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესპარტნიორი.
საჯარო წყაროებზე დაყრდნობით დგინდება, რომ "ვაილბერიზმა" საქართველოში ოპერირება 2024 წლის 22 ოქტომბრიდან დაიწყო. ოპერირების დაწყებიდან ერთ თვეში კი 2024 წლის 5 ნოემბერს, რუსული საცალო გაყიდვების გიგანტის ქართული ქსელის მფლობელი, ერთ ლარად, ლაშა მეგრელიძე გახდა.
- მეგრელიძე ამ დროსაც უკვე იკავებდა და დღემდე რჩება, "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
ლაშა მეგრელიძემ, ქართულ ბაზარზე უკვე გზაგაკვალული რუსული ბიზნესი, 20 დღის წინ კომპანიის დირექტორის სახელზე გადააფორმა. თავად კი როგორც მისი მეზობლები ამბობენ, რუსეთში იმყოფება.
როგორ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯერ რუსული ბიზნესის უკან და ახლა უკვე მოსკოვში?!
20 მილიონის შეკვეთა დღეში, 750 მილიონის პროდუქცია საწყობებში და 3 მილიონი კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი - "შაბათის ეთერმა" მიაგნო ახალ და გრანდიოზულ საწყობს, რომელმაც რუსეთიდან ჩამოტანილი ამანათები უნდა შეინახოს. საწყობი რუსულ ბიზნესს, მინიმუმ 2028 წლის 19 ივნისამდე აქვს ნაქირავები.
რას ყიდიან საქართველოში? - ამ ვებ გვერდზე შეხვდებით ყველაფერს რისი ყიდვაც შეიძლება, თუმცა ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც რუსული პროპაგანდით სავსე წიგნები იქცევს. სწორედ პროპაგანდის გამო დაასანქცირეს კომპანია უკრაინელებმა.