"ივანიშვილმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე
"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერის დაკავებით "ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო".
იცით რა არის? - მე საჯარო პოლიტიკაში ახლა დიდი ხანია არ ვარ და არ მაქვს გეგმაში გავაკეთო კომენტარი. კი, მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. გითხარით, კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ თუ მაინც გინდათ, მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ნამდვილად არ ცდება ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებში არასდროს... სწორი გადაწყვეტილება იყო ძალიან," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
- ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.