"ოცნება": BBC-ის ოფიციალური საჩივრით მივმართეთ

15.01.26 14:24
"ოცნება": BBC-ის ოფიციალური საჩივრით მივმართეთ

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა -  განცხადება შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის  გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჩივრით ჯერ უნდა მიმართონ თავად მედიას, თუ მედია არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა.

"ოცნების" ლიდერის თქმითვე, თუ აქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ექნებათ შესაძლებლობა, ბრიტანეთის სასამართლოს მიმართონ.

„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ის. საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ. თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.