"ოცნება" სრულად კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას - ირაკლი აბესაძე გრანტების კანონპროექტზე
„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძე განცხადებით, გრანტების შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ფაქტობრივად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობაზე, არამედ კერძო სექტორშიც აზრის გამოხატვის ნებისმიერ ფორმაზე.
მისი თქმით, ცვლილებები ქმნის რეალურ რისკს, რომ მეწარმეები დააჯარიმონ საჯარო პოზიციის დაფიქსირების გამო, მათ შორის ოფისებში, მაღაზიებსა და სხვა სამუშაო სივრცეებში.
ხელისუფლება, ფაქტობრივად, სრულად კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. ახლა ეუბნებიან მეწარმეებს, რომ თქვენს აზრს ნუ გამოხატავთ ნურც საკუთარ ოფისში, საკუთარ მაღაზიებში, საკუთარ სილამაზის სალონში ან არ ვიცი, სხვაგან. ეს კანონი პირდაპირ ამას ნიშნავს, რაც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ მაგალითად, ხელისუფლებამ შეიძლება, დააჯარიმოს მეწარმე სუბიექტი საკუთარ ოფისზე გაკეთებული წარწერისთვის, რომ "საქართველოს გზა ევროკავშირშია" და თქვას, რომ ეს საგარეო პოლიტიკას ეხება. ან დააჯარიმოს მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ახლა სალარო აპარატის ჩეკზე აწერენ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
საკანონმდებლო პაკეტის მთავარი არსი არის, რომ უბრალოდ, აზრის გამოხატვა იკრძალებოდეს, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. "ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.