ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია - ზორან მილანოვიჩი "ოცნების“ ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა

12.02.26 17:48
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია - ზორან მილანოვიჩი "ოცნების“ ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი იმყოფება. ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნისპრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა.

  • დელეგაციის წევრები არიან პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან: 

ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს, ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს, რაც ორივე მიმართულებით  ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.

ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის პარტნიორობის საკითხზე. ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.

შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკასა და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.