"ოცნების" წევრები ლიეტუვის სახელმწიფო აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ
ლიეტუვის სახელმწიფო აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა.
"პირველების" ინფორმაციით, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ მიღებაზე მიწვეულები იყვნენ ივანიშვილის გუნდის წევრები, თუმცა ღონისძიებაზე არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.
ლიეტუვის დროშის ფერებში არ განათებულა არც თბილისის ანძა.
აღნიშნულზე კახა კალაძე აცხადებს, რომ მას მიწვევა არ მიუღია და არც საელჩოს მიუმართავს მერიისთვის ანძის განათების თაობაზე.
არ ვიცი, როდის იყო ლიეტუვას დამოუკიდებლობის დღე. მე პირადად არანაირი მოწვევა არ მომსვლია. მივიდოდი რა პრობლემაა, რატომ არ უნდა მივსულიყავი. რა შუაშია [გუნდის გადაწყვეტილება]. არა, კრიტიკულ განცხადებას არ ვაკეთებთ, ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვიცავთ, ჩვენ ხალხს, ჩვენ კონსტიტუციას, ვინც არასწორად ეპყრობა ჩვენ ქვეყანას და ვისაც არასამართლიანი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
ზოგადად ანძის განათება როგორ ხდება, ხდება მომართვიანობა საელჩოს მხრიდან და შესაბამისად მუნიციპალიტეტი ანათებს ანძას, დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, შესაბამისად არ ყოფილა მომართვა და არც გაგვინათებია," - ამბობს კალაძე.
ღონისძიებაზე მყოფმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ლიეტუვა საქართველოს მეგობარი და მსგავსი ისტორიის ქვეყანაა და რომ ლიეტუვა ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ყოველთვის დღის წესრიგში ყოფილიყო.
ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი ორი ქვეყნის ბედი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ეს იყო ერთიანი ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ჩვენი ლიტველი მეგობრები ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგნენ. არა მარტო ამ ბრძოლაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიტვა სწორედ სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად, ის პირველი ქვეყანა გახლავთ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ყოველთვის დღის წესრიგში ყოფილიყო," - ამბობს ნინო ევგენიძე.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.