ხუნდაძემ კობახიძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა
გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნების" სატელიტ პარტიად მიჩნეული "ხალხის ძალის" ლიდერი აღნიშნავს, რომ კობახიძის გადაწყვეტილება "ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს".
პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირტო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.
რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.
სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, ხალხის ძალა, მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში" - წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
12 თებერვალს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა საქართველოში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხუნდაძემ "ქართულ ოცნების" ამჟამინდელი ლიდერების წინააღმდეგ განცხადება გააკეთა.
ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს.