ორმხრივი სროლა ვერის სასაფლაოზე - "პირველების" ინფორმაციით, ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს
"პირველების" ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე. TV პირველისთვის ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა) კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
წყაროს თქმით, საპასუხო გასროლა განახორციელა რუხაძის დაცვამაც. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძმები კაკულიების ნათესავს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, შესაბამისად ის არ დაშავებულა და შესაბამისად არც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.
რაც შეეხება სროლაში ეჭვმიტანილს, "პირველებისთვის" მოწოდებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი დაკავებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრიოსგან განმარტების მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
ძმებ კაკულიების ახლო ნათესავი შეირაღებული თავდასხმის სამიზნე პირველად არ ყოფილა. მას ორი წლის წინ ცეცხლი ტაბიძის ქუჩაზე გაუხსნეს. მაშინ სამი დაჭრილიდან ერთი სწორედ კაკულიების დეიდაშვილი იყო.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.