"დღეიდან პროცესი იწყება" - გიორგი ვაშაძე "ოპოზიციის ალიანსზე"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ოპოზიციის ალიანსს" ეხმაურება და აცხადებს, რომ "დღეიდან პროცესი იწყება".
მისი თქმით, დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, ხოლო "ოპოზიციის ალიანსი" საზოგადოებისთვის მათი ნომერ პირველი გზავნილია.
"ოპოზიციური ალიანსი" შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ნომერ პირველი გზავნილი მთლიანად საზოგადოებისთვის არის. დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, კრიზისში, შესაბამისად ჩვენ გვსურს თანხმობა, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურს სამართლიანობა ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვისაც სურს, რომ ამ ქვეყანაში ყველა ვიყოთ თანაბარი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი, რომ ვიყოთ ამაყი ჩვენი ქვეყნით, რომ ვიაროთ წელგამართული არამარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ის რაც გვიშლის ხელს, არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს არის რამდენიმე ადამიანი, რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, "ოცნების" წევრები, რომლებიც ტყუილით, სიძულვილის ენით და ნგრევით საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან.
ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება - ამისთვის გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ... დიდი მადლობა კოლეგებს, დღეიდან პროცესი იწყება," - ამბობს გიორგი ვაშაძე.