ლოდინის დიდი უნარი გვაქვს... არ გვინდა [აშშ-სთან] ურთიერთობის აღდგენა ყველაფრის ფასად - "ოცნების" დეპუტატი

03.03.26 15:38
ლოდინის დიდი უნარი გვაქვს... არ გვინდა [აშშ-სთან] ურთიერთობის აღდგენა ყველაფრის ფასად - "ოცნების" დეპუტატი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-ში მიმდინარე ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისკენ „წინ გადადგმული ნაბიჯია“ და ირწმუნება, რომ კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, ასევე შესაძლო კონტაქტები კონგრესსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პროცესს პოზიტიურ იმპულსს მისცემს.

მისი თქმით, "ოცნების" გუნდი მზად არის „ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად“ დაელოდოს იმ შესაძლებლობას, როცა, როგორც თავად აცხადებს, ურთიერთობების აღდგენა მოხდება, ოღონდ "არა ყველაფრის ფასად“.

4-ში და 5-ში არის მთავარი შეხვედრები ამ კონფერენციის ფარგლებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის მიღმა იქნება შეხვედრები კონგრესშიც და აღასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ამ ვიზიტს ვუყურებთ კიდევ ეფრთ კარგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტაც და სხვა მიმდინარე პროცესებით და შეხვედრებითაც ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების აღდგენას. ეს არის ჩვენი მოლოდინი.

ჩვენ მოლოდინის დიდი უნარი გვაქვს, ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენიც დასჭირდება ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც იქნება სამარლიან ნიადაგზე ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა. ჩენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქადე ურთერთობების გადატვირთის შესაძლებლობა. ამერიკულმა მხარემ კარგად იცის რა არის ამის ფასი, - ამბობს მახაშვილი. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ამერიკელი კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას ინიციატივით დაიწყო. ლუნა მედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირად კრიტიკის ობიექტია პრორუსული განცხადებების გამო, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მწვავე შეფასებებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამო.

ცნობილია, რომ დელეგაციაში მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში „სუვერენულ ერთა ალიანსი“.