იმიტომ გადავწყვიტეთ გაერთიანებაში ყოფნა, რომ “ოცნებას“ ეკალივით შეესოს “თავისუფლების მოედანი“ - ბაკურ კვაშილავა
“ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება “თავისუფლების“ მოედნისთვის ამ [ნაციონალური მოძრაობის] იარლიყის მიკერება, მაგრამ შეეცდება, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ განაცხადა.
მისი თქმით, მათ სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს ოპოზიციურ გაერთიანებაში ყოფნა, რომ რომ “ქართულ ოცნებას“ ეკალივით შეესოს “თავისუფლების მოედანი“, როდესაც დაიწყებს დისკუსიას, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა “ნაციონალური მოძრობა“.
შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ზუსტად იმიტომ ვართ და გადავწყვიტეთ, ამ ერთობაში, გაერთიანებაში ყოფნა, რომ “ქართულ ოცნებას“ ეკალივით შეესოს “თავისუფლების მოედანი“, როდესაც დაიწყებს დისკუსიას იმაზე, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა “ნაციონალური მოძრობა“, - განაცხადა კვაშილავამ.
კვაშილავას თქმით, საზოგადოება ელოდებოდა მნიშვნელოვან ნაბიჯს ოპოზიციისგან დიდი მიზნის მისაღწევად.
იყო მოთხოვნა საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან, განსაკუთრებით მათგან, ვინც აქტიურ პროტესტშია, ისინი ელოდებოდნენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ოპოზიციისგან, იმის მაჩვენებელს, რომ დაძლეულ იქნას ის წინააღმდეგობები, მათ შორის შინაარსობრივი განსხვავებები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, იმ უფრო დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია, უფრო დიდი ბოროტების ჩამოშორება. რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი აზრი წარსულზე, დღევანდელი რეალობაა, რომ ქვეყანას ზიანს ყველაზე მეტად ის აყენებს, ვინც ხელისუფლებაშია, ვისაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებული აქვს. დღეს ალტერნატივა არ არსებობს იმის, რომ “ქართული ოცნება“ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ხელისუფლება დავუბრუნოთ ქართველ ხალხს, - თქვა მან.