ვინ მფარველობდა ნარკოვაჭრობის სქემას, რატომ "ტყდებოდა" ჯოხი ტრაილერის მძღოლზე? - ხმაურიანი საქმის ყველა დეტალი

04.03.26 20:18
ვინ მფარველობდა ნარკოვაჭრობის სქემას, რატომ "ტყდებოდა" ჯოხი ტრაილერის მძღოლზე? - ხმაურიანი საქმის ყველა დეტალი

9-თვიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია -  85 მილიონი დოლარის ღირებულების „ჰეროინის“ საქართველოში შემოტანის საქმეზე ბრალდებული, ტრაილერის მძღოლი, მოსამართლემ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების არ ქონის გამო გაამართლა.

რამდენიმე თვის წინ, “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული კრიმინალური პოლიციის დოკუმენტებიდან დადგინდა, რომ აგურის საფასადე მასალებით დატვირთულმა ტრაილერმა საქართველოში ორი საბაჟო კონტროლი ისე გაიარა, რომ 290 კილოგრამი მკვლელი ნარკოტიკი მებაჟეებმა ვერც კი შენიშნეს.

გამოძიება პენსიონერ ფრიდონ მაღლაკელიძეს უმძიმესი დანაშაულისთვის ედავებოდა. სახელმწიფო ბრალდება 9-თვიანი მანძილზე ამტკიცებდა, რომ მძღოლმა, რომელიც კერძო კომპანიაში იყო დასაქმებული, იცოდა აგურებით დატვირთულ ტრაილერში დამალული მკვლელი ნარკოტიკის შესახებ.

მოსამართლის გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ ჩნდება კითხვა: ვისი დამკვეთი შემოვიდა ნარკოტიკით სავსე ტრაილერი საქართველოში და ვინ მფარველობდა უპრეცედენტოდ დიდ ოდენობის ჰეროინის შემოტანას ქვეყანაში?

რეზონანსული საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ნარკოტიკებით სავსე სატვირთომ 7 ივნისს ჯერ სომხეთის საბაჟო, შემდეგ კი გუგუთის სასაზღვრო პუნქტი უპრობლემოდ გამოიარა. ფრიდონ მაღლაკელიძე არავის შეუჩერებია. საქმის მასალების თანახმად, პენსიონერი ფოთის მიმართულებით საბაჟო პროცედურების გასავლელად გაემართა. სატვირთო სკანერზე გაატარა და ბათუმის პორტში მივიდა. სანამ ბორანზე ავიდოდა, მისი ავტომობილის განსაკუთრებული წესით შემოწმება გადაწყვიტეს – მანქანა ტერმინალში გადაიყვანეს, სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ნარკოტიკი.

ჩნდება კითხვა: დადგება თუ არა იმ მებაჟეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაილერში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება მკაცრი კონტროლის მიუხედავად ვერ ან არ შეამჩნიეს, და გამოძიება შეეხება თუ არა იმ ადამიანების კვალსაც, რომლებიც სავარაუდოდ, მკვლელი ნარკოტიკის შემოტანა მფარველობდნენ.

ირაკლი ბახტაძე დეტალებით