შევხვდით უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს - ნიკოლოზ სამხარაძე

05.03.26 12:19
შევხვდით უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს - ნიკოლოზ სამხარაძე

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. 

პარლამენტის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.

"შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტრესზე და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით". - განაცხადა სამხარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსართხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.

ასევე შუა დერეფნის განვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად,  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.