"ოცნების" ვიზიტი ვაშინგტონში - მარიამ ლაშხი იმედოვნებს, რომ აშშ-თან ურთიერთობები "თვისობრივად განახლდება"
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში აქცენტი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებსა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე კეთდება. მისი თქმით, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, რომლის რესურსებიც, ლაშხის შეფასებით, საქართველოში „ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდასა“ და „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას“ ხმარდებოდა, ახლა ამერიკული მხარდაჭერა ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით უნდა გადაიტანოს.
„დღეს ადმინისტრაცია არის ძალიან პრაგმატული. ეს უშუალოდ გამოიხატება ჩვენი ქვეყნის, რეგიონის როგორც ეკონომიკური მიმართულების და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით განხილვაში და ჩვენ საუბარი გვქონდა, როგორც შუა დერეფნის, საქართველოს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კონგრესმენებთან ის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ეხება, ასევე ეხება იმ კეთილდღეობას, რომელიც პირდაპირ გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაში, გამოიხატება აშშ-დან ინვესტიციაში და ცვლილება ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაში, არამედ მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას.
დღეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია განწყობები, შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები, რესურსები მიემართება ეკონომიკას, ვაჭრობას და იმ რეალურ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს თვისობრივად გადაახალისებს“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ლაშხის თქმით, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მონაწილე ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი და პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
„მოგეხსენებათ, ეს ალიანსი, პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო ეროვნულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე და არა მხოლოდ - ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერებმა საკუთარი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და რომ სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, აჟღერებდა უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება”, - აღნიშნა ლაშხმა.
ლაშხის თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და შუა დერეფანში საქართველოს როლს. მისი მტკიცებით, ვიზიტის შედეგად ქვეყანამ ახალი პარტნიორები შეიძინა კონსერვატიული პოლიტიკური წრეებიდან და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა „თვისობრივად განახლდეს“.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით, არათუ მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ის კონსერვატები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ჩვენ ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეგასენებთ, რომ “ოცნების“ ლიდერები ვაშინგტონში იმყოფებიან და პოლიტიკური იზოლაციის ფონზე, შევხედრებს მართავენ.