თინა ბოკუჩავა: შესაძლოა, ივანიშვილს გახარიას კარტის გათამაშება კიდევ ერთხელ დასჭირდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ივანიშვილი შესაძლოა, პოლიტიკური ბალანსის შესაცვლელად, სხვადასხვა „კარტის გათამაშებას“ შეეცადოს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ამ კონტექსტში "ოცნებამ" მომავალში გიორგი გახარიას ფაქტორი გამოიყენოს, რათა, მისი შეფასებით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული მკაფიო პოლიტიკური არჩევანი კვლავ ბუნდოვანი გახადოს.
ის, თუ როგორ გამოიყენებს ივანიშვილი გხარიას სამომავლოდ, დამოკიდებულია ჩვენზე. თუ საქართველოს მოქალაქეებმა, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ შედგა რეალური, ძლიერი ოპოზიციური ერთობა, რომელიც ამ რეჟიმის ძლიერი ალტერნატივაა და ეს ალტერნატივა ხალხმა დაინახა, მაშინ, რა თქმა უნდა, რაღაც კარტის გათამაშება ივანიშვილს მოუწევს იმისთვის, რომ ეს ცხადი არჩევანი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გაბლაროს ანუ ბუნდოვანი გახადოს და შემოიყვანოს ისეთი აქტორები, რომლებიც არა მხოლოდ ივანიშვილზე ისაუბრებენ და იმაზეც, როგორ უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი, არამედ ისევ სწორებას აიღებენ ოპოზიციაზე. ანუ მისი ფუნქციაც მანამდეც ხომ ეს იყო. და, ამ ფუნქციისთვის შეიძლება ივანიშვილს გახარიას კარტის გათამაშება კიდევ ერთხელ დასჭირდეს და ამ მიზნით დააბრუნოს ის ქვეყანაში, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ. საუბარია ასაკრძალ პარტიათა სიაზე.
კობახიძე ამბობს, რომ საკითხზე იმუშავებენ.