ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლება ავტორების გამოძიების ნაცვლად კვლევის შედეგებით უნდა შეშფოთდეს

10.03.26 11:34
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლება ავტორების გამოძიების ნაცვლად კვლევის შედეგებით უნდა შეშფოთდეს

ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ში დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება. ჯონ უოლტერსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც საქართველოში ირანის გავლენის ზრდას ეხება, შექმნილია ორგანიზაციის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად, ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ და გადამოწმებულ ინფორმაციას და ჰადსონის ინსტიტუტი მის მიგნებებს სრულად უჭერს მხარს.

მისი თქმით, კვლევა „გამომაფხიზლებელი“ უნდა იყოს და საქართველოს ხელისუფლებამ ავტორების გამოძიების ნაცვლად ყურადღება სწორედ მის შედეგებზე უნდა გაამახვილოს.

ეს კვლევა არის "ჰადსონის ინსტიტუტის" პუბლიკაცია, რომელიც ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. კვლევა გადამოწმებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ეს კვლევის შენიშვნების დამოწმებებში არის აღნიშნული და ჰადსონის ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს.

ეს კვლევა გამომაფხიზლებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როესაც ირანი რეგიონში მადესტაბილიზებელი ძალაა. ამ კვლევის ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს მისი მიგნებებით, რომლებიც ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებამ უკვე უნდა იცოდეს. 

კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის თვალნათლივ და სისტემურ სურათს წარმოაჩენს. ეს განვითარება როგორც საქართველოს, ისევე აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, - წერს სოციალურ ქსელში ჯონ უოლტერსი.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი და პოლიტიკოსი გივი თარგამაძე დაიბარა.

მედიის ინფორმაციით, სუს-ის კითხვები უკავშირდება ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასა და პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებს. უწყებამ ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო.

3 მარტს ჰადსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში“, რომლის ავტორები არიან გიორგი კანდელაკი და ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი. კვლევის მიხედვით, საქართველოში ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს პროცესი ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსზეც ახდენს გავლენას.