სუსში გამოკითხვების სერია გრძელდება - რას იკვლევს მდინარაძის უწყება?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც თავად ხუხაშვილი ამბობს, მას ოთხი საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, რატომ ისაუბრა საჯაროდ ირანის გავლენებზე და რას ეყრდნობოდა მისი შეფასებები შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.
გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ კითხვების ადრესატი თავად სუსი უნდა იყოს. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს მკაფიო პასუხი, მოქმედებს თუ არა საქართველოში ირანული „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტი და რა მიზნებით იყენებს მას ირანის სახელმწიფო.
საუბარია ირანული „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტის ქართულ წარმომადგენლობაზე, რომლის კურსდამთავრებულების ფოტოებიც საჯაროდ არის გავრცელებული. სწორედ ამ სასწავლო დაწესებულებას ეხება ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ ირანი მას რეგიონში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად იყენებს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ირანული სასწავლებლის ფილიალი საქართველოში უკვე დაახლოებით 15 წელია ფუნქციონირებს სამ ქალაქში, თუმცა მას ოფიციალური აკრედიტაცია არ აქვს. ამ ფონზე, სუსში გამოკითხვაზე დაბარებული პირები აცხადებენ, რომ მათგან ირანის გავლენებზე საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებასაც ცდილობენ.
გია ხუხაშვილი არ არის პირველი, ვინც ამ საკითხზე საჯარო განცხადებების გამო სუსში დაიბარეს. გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსები და ექსპერტებიც, მას შემდეგ რაც ჰადსონის ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველო ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენება.
ინსტიტუტის პრეზიდენტი სუსს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს თავად ფაქტების გამოძიებაზე და არა იმ ადამიანების მოტივაციაზე, რომლებიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.