მაჭარაშვილი ვაიმარის სამკუთხედის განცხადებას „ფასიანს“ უწოდებს
„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების განცხადებას „ფასიანს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ მასში საქართველოს შესახებ რეალური ვითარება არ არის ასახული.
მისი თქმით, ახალი კანონმდებლობის კრიტიკა სუბიექტურია, მაშინ, როდესაც საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიულ მიდგომებს აძლიერებს.
განცხადება არის ფასიანი თავიდან ბოლომდე. ვისაც უნდა, დავენიძლავები. აი, მაგ განცხადების გამკეთებელი ჩამოვიყვანოთ ახლა საქართველოში, კითხვას დავსვამ სამს, ვერცერთზე პასუხს ვერ გამცემს, საერთოდ რაზე სუაბრობს, საქართველოში რა მდგომარეობაა და დარღვევებზე საუბრობს. ასოცირების შეთანხმება არის ძალიან დიდი და როელ მუხლს არღვევს, რომელც პუნქტს არღვევს. თუ ამ ასოცირების შეთანხებას არღვევს საქართველო, მაშინ ევროპის ინსტიტუტები როგორ აქვეყნებენ ყოველკვირეულად, რომ საქართველო წინ მიდის დემოკრატიით, გამჭვირვალობით, წინ მიდის ეკონომიკურად? რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანეთ, რომ სუვერენიტეტი დავიცვათ, აი, ეს აწუხებს ამ ხალხს და აგერ, გამოქვეყნეს ეს განცხადება სუბიექტური, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის (ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები) საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ, საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებული ახალი კანონმდებლობის გამო, რომელიც უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის კონტროლს მკვეთრად აძლიერებს.
მინისტრების შეფასებით, ამ ახალი რეგულაციებით, ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.