დაიწყება თუ არა ჰააგაში „ოცნების“ წინააღმდეგ გამოძიება - იურისტის გამოხმაურება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
იურისტი საბა ბრაჭველი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმაურება.
მისი თქმით, ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ინსტრუმენტი, მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის.
მისივე თქმით, ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია.
მოსკოვის მექანიზმი ეუთოს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანის უფლებების სფეროში. სულ რამდენჯერმეა გამოყენებული იმ წევრი ქვეყნების მიმართ, სადაც ომი ან მასობრივი არეულობა არ მიმდინარეობდა. მექანიზმი ამუშავებისთვის სახელმწიფოს ნებაც კი არ არის აუცილებელი და ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტებს იყენებენ ანგარიშის მოსამზადებლად.
მოსკოვის მექანიზმი საქართველოს მიმართ 23-მა ქვეყანამ ერთდროულად აამოქმედა. ექსპერტების ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რეკომენდაციები კი ყველა იმ საკითხს შეეხება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წელიწადზე მეტია, ითხოვს: არჩევნების გაყალბების შესწავლის, კანონების გაუქმების, წამებების გამოძიების, უამრავი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, უსამართლო დაკავებებისა და მსჯავრდებების შეწყვეტის და ა.შ. შესახებ.
თუმცა ანგარიში მხოლოდ კობახიძის მთავრობის კეთილ ნებას არ ენდობა და საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, მაგალითად ისინი, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) და ტარგეტირებული სანქციები.
ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ინსტრუმენტი (მით უფრო, ამხელა წონის მქონე), მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის (აი, ჰააგას რომ ვუწოდებთ, იმას).
ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო, - წერს ბრაჭველი.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
- “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ცნობილია - რა წერია დოკუმენტში
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.