მისცემენ თუ არა ბრალდებულებს ციხეში არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლებას?
ლევან ხაბეიშვილს 6 თვეა, რაც არასრულწლოვანი შვილები არ უნახავს, ირაკლი ნადირაძეს 5 თვეა, შვილებთან კომუნიკაცია არ ჰქონია
ალეკო ელისაშვილს თითქმის 4 თვეა, მცირეწლოვან შვილებთან არც ტელეფონზე უსაუბრია და არც პირისპირ შეხვედრია.
ასე არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერები, არამედ ყოფილი მაღალჩინოსნებიც - ყველას, ვინც ბრალდებულის სკამზეა, პროკურატურის გადაწყვეტილებით გარე საყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს - არ აქვთ არც წერილის, არც სატელეფონო ზარის და არც პაემნის უფლება. ეს სახალხო დამცველისთვის მიუღებელია და პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართავს.
რას ითხოვს სახალხო დამცველი - პროკურატურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს უფლებას ბრალდებულს გარე სამყაროსთან კონტაქტი აუკრძალოს -ამ დროს ავტომატურად იზღუდება არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციაც. ლევან იოსელიანისთვის ეს პრაქტიკა გადასახედია. პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რატომ უკრძალავს მცირეწლოვან შვილებთან ბრალდებულებს კომუნიკაციას და გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღოს.