ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას - არჩილ გორდულაძე
„ოცნების“ წვერი, არჩილ გორდულაძე “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას ჭირად ექცა“.
გორდულაძის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები “უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს.“
გორდულაძე რამდენიმე კითხვას სვამს და ოპოზიციას სთხოვს, ამ კითხვებზე საზოგადოებას უპასუხონ.
„ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს. ამიტომ მარტივ ტესტს გთავაზობთ - კოლექტიურმა ლომჯარიებმა, ბურჯანაძეებმა, გვარამიებმა და სხვა უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული “ფარა”? უნდა გაუქმდეს თუ არა “გამჭვირვალობის კანონი”? უნდა გაუქმდეს თუ არა “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი”? უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევა? თავად უნდა აირჩიოს ადამიანმა სქესი, თუ ქალი ქალია და კაცი კაცია?
უმარტივესი კითხვებია. საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა! ჯერ ამ თემებზე ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ბუმბულგაცვენილი თუთიყუშის სამედიცინო ჩვენებაზე“,- წერს არჩილ გორდულაძე .
ეუთომ "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.