საქართველო ევროკავშირს ყურადღების ცენტრშია - რას გადაწყვეტენ ევროპელი მინისტრები
16 მარტს, ბრიუსელის დროით დილის 10 საათზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. მინისტერიალზე მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მიაწვდიან.
ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევები, რეპრესიულად შეფასებული კანონები, პოლიტიკური პატიმრებით გადავსებული ციხეები და ძალადობის ამ დრომდე გამოუძიებელი საქმეები — სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას მომხსენებლები, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შეაფასებენ.
თავდაპირველად ევროპელი ლიდერების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის განხილვა დაგეგმილი არ ყოფილა. თუმცა ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეუთოს სპეციალურმა მისიამ გამოაქვეყნა მძიმე დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების მიმართ გამოყენებული მოპყრობა შესაძლოა წამებასთან გათანაბრდეს. მისიის რეკომენდაციით, ქვეყნებმა უნდა მოითხოვონ აღნიშნული ფაქტების გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ევროპელმა მინისტრებმა გადაწყვიტეს, პირველივე შესაძლებლობისას იმსჯელონ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.
საქართველოს საკითხის წარდგენა გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს დაევალათ. ეს გარემოება მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან ორივე ქვეყანა „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრია და აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
რამდენიმე დღის წინ სწორედ „ვაიმარის სამკუთხედმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოში მიღებულ ახალ კანონებს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციებით ქვეყანაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა მნიშვნელოვნად ძლიერდება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.