აქუბარდია: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში „ოცნებისთვის“ დიაგნოზია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი დიაგნოზია, რომლის რეკომენდაციების შესრულებას ის ვერ გაექცევა.
მისი თქმით, დოკუმენტის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას დაეკისრება, მაშინ როცა ანგარიშში ასევე საუბარია შესაძლებლობაზე, რომ საქართველოში არსებული ვითარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) განიხილონ.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არის, საბოლოო ჯამში, დიაგნოზი "ქართული ოცნებისთვის" და რაც მთავარია, ისინი ვერ გაექცევიან მისი შესრულების ვალდებულებას და თუ არ შეასრულებენ, ან ითამაშებენ, ნაწილობრივ შეასრულებენ და დანარჩენს არა, ეს გამოიწვევს მონიტორინგის შედეგად ისევ და ისევ პასუხისმგებლობის დაკისრებას უშუალოდ მათზე, რაც უმძიმესი იქნება, ამიტომ მათ იციან რას ნიშნავს ეს ყველაფერი და მათ იციან, რომ საერთაშორისო კონვენციების დარღვევა, განსაკუთრებით წამებასთან დაკავშირებით, რომელიც ჰააგის ტრიბუნალით სრულდება, ან იგივე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, მათთის არის სავალდებულო, შესაბამისად, ისინი ახლა არიან რთულ დღეში და ტაქტიკურად რაც არ უნდა ეცადონ დროის მოგებას და გაწელვას, საბოლოო ჯამში, შედეგი დადგება იგივე, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.