კობახიძემ აქციის მონაწილეების მიმართ "არაჰუმანური მოპყრობა" და "გადაცდომა" აღიარა
ირაკლი კობახიძე ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ადამიანებზე საპოლიციო ძალების მიერ ფიზიკურ ანგარიშსწორებას "ინციდენტს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ იყო არაერთი ძალიან მძიმე "ინციდენტი", რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
მისი თქმით, სწორედ ამ "ინციდენტებმა" მიაღებინა კონკრეტული გადაწყვეტილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებებთან დაკავშირებით.
იყო არაერთი ინციდენტი, ძალიან მძიმე ინციდენტი, მათ შორის კონკრეტული ინციდენტები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ამ ყველაფერმა მიგვაღებინა ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სისტემაში [შინაგან საქმეთა სამინისტროში] ცვლილებებთან დაკავშირებით. იყო პირდაპირ საჯარო სივრცეში გავრცელებული, მათ შორის კადრები, კონკრეტულ ახალგაზრდასთან ძალადობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტზე ძალადობასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსზე ძალადობასთან დაკავშირებით, რაც არის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს მომხდარ "ინციდენტებს" შესაძლოა მიენიჭოს არაჰუმანური მოპყრობის, დანაშაულის, გადაცდომის კვალიფიკაცია, თუმცა არა წამების - "წამება არის სხვა რამე, წამება არის ტყუილი".
ფოტოები ჩვენც ბევრი გვაქვს... [დაშავებული მოქალაქეების] კონკრეტული ფოტოები მეც მაქვს ნანახი და ეს ფოტოები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის დასტური იმისა, რომ ის ინციდენტები მოხდა, რაზეც ვსაუბრობთ. არ იყო [სისტემური წამება], არა, წამება სიტყვა არის ტყუილი... წამება, რასაც თქვენ აკეთებდით 2012 წლამდე ციხეებში, თქვენი პარტია მაგას აკეთებდა, წამებას 2012 წლამდე ციხეებში და ციხეებს გარეთ და თქვენ ამ პარტიის ინტერესებს გამოხატავთ დღეს, ის იყო წამება და რაც შეეხება, რაზეც თქვენ საუბრობთ, მიეცეს შეიძლება ამას არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაცია, შეიძლება მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, გადაცდომის კვალიფიკაცია, სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ წამება არის სხვა რამე, წამება არის ტყუილი," - აღნიშნა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არიან დასჯილები ის ძალოვნები, ვინც ადამიანებზე ძალადობდნენ, როცა სასამართლოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მათ აქციაზე საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ, კობახიძე პასუხობს, რომ თუ მსგავსი კადრები არსებობს, სადაც ნომრით იდენტიფიცირებადი პირი ჩანს, გამოძიებას უნდა მიმართონ და მიიღებენ შესაბამის რეაგირებას.
ეს გამოძიების საქმეა, გამოძიებასთან შეგიძლიათ წარსდგეთ შესაბამისი კითხვებით. გამოძიებას მიმართეთ, რატომ ვერ მოხერხდა კონკრეტულ ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირება, საუბარია კონკრეტულ ქმედებებში ჩართულ პირებზე. პოლიტიკური დაკვეთა რა შუაშია, 4 ინციდენტი იყო, სადაც საჯაროდ იყო გავრცელებული ინფორმაცია, კადრები... თქვენ ამოიღეთ კადრი, სადაც არის ნომრით იდენტიფიცირებადი პირი და მიმართეთ გამოძიებას. თქვენ თუ გაქვთ შესაბამისი მიიღებთ რეაგირებას," - ამბობს ირაკლი კობახიძე.