"პოლიტიკურად ივანიშვილის პასუხისმგებლობაა ყველაფერი" - საბა ბუაძე
პოლიტიკოსი, საბა ბუაძე ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მან არ იცის სამართლებრივად როგორ მოხდება ბიძინა ივანიშვილის პასუხისგება, თუმცა "პოლიტიკურად ივანიშვილის პასუხისმგებლობაა ყველაფერი", რაც ხდებოდა საპროტესტო აქციების დროს.
საბა ბუაძე ამბობს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში "ივანიშვილმა ყველას ააღებინა პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ცხადია მისი დაკვეთით ხდებოდა".
გულწრფელად გეტყვით, რომ არ ვიცი როგორ წავა ეს ყველაფერი სამართლებრივ განზომილებაში, ივანიშვილის პასუხისმგებლობა დადგება თუ არა ამას დრო გამოაჩენს. ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ივანიშვილმა ყველას ააღებინა პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ცხადია მისი დაკვეთით ხდებოდა. ესეც არის იმ ადამიანების ტრაგიკომიკური ვითარების კიდევ ერთი აღიარება, რომლებიც მაგალითად უმაღლეს თანამდებობებზე იყვნენ და დღეს საპატიმროში არიან, მათმა სამართლამემკვიდრეებმა ეს კარგად უნდა იცოდნენ, რომ კრიზისის შემთხვევაში ისინი არაფერზე არ დგანან, გარდა ივანიშვილის კეთილი ნებისა, ამ კეთილი ნების გაქრობის შემთხვევაში შეიძლება ძალიან მარტივად შეელიოს ივანიშვილი.
არ ვიცი, როგორ მოხდებდა და რა ფორმით წავა მისი [ივანიშვილის] პასუხისმგებლობა, რა ფორმით გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად ის დღეები ნამდვილად მისი პასუხისმგებლობა რომ არის და საზოგადოება ხმას მას რომ აძლევს და არა კობახიძეს, ან ღარიბაშვილს, ან ნებისმიერ სხვას, ეს არის ძალიან ცხადი ჩემთვის. შესაბამისად, ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკური განზომილება ამ ყველაფრის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არის მისი პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკურად მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ხდებოდა იმიტომ, რომხალხი ხმას აძლევს მას," - განაცხადა საბა ბუაძემ.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.