"დაასანქცირეთ "ოცნება" - ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა ტრამპის ადმინისტრაციას

19.03.26 20:52
"დაასანქცირეთ "ოცნება" - ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა ტრამპის ადმინისტრაციას

გავლენიანი სენატორების და კონგრესმენების ორპარტიული ერთობლივი განცხადების ადრესატი ტრამპის ადმინისტრაციაა. ჯინ შაჰინი, ჯო უილსონი, როჯერ ვიკერი, სტივ კოენი და შელდონ ვაითჰაუსი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ კარგად წაიკითხონ ეუთოს სპეც მექანიზმის დასკვნა და გამოიყენონ სანქციები და სხვა მექანიზმები სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ.

სანქციებთან ერთად კიდევ რა შეუძლია გააკეთოს შეერთებულ შტატებს ოცნების წინააღმდეგ? - ამერიკა ეუთოს წევრი ქვეყანაა, ეუთოს დასკვნა კი წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა რეკომენდაციებს აძლევს, მათ შორისაა უნივერსალური იურისდიქციის ამოქმედება, წამების სავარაუდო დანაშაულებზე. რადგან შეერთებული შტატები უნივერსალურ იურისდიქციას აღიარებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი კანონმდებლების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაც "ქართულ ოცნებაში" დამნაშავეების გამოკვეთა და მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება იყოს.

2024 წლის ზამთარში, თბილისში ხალხის წამებაში მხილებული პირების წინააღმდეგ შეიძლება გამოძიება ისე დაიწყოს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესაძლებლობას ახლა ევროკავშრის და ეუთოს წევრებს სპეც ანგარიში აძლევს. ბრალდებულები მხოლოდ მაში გაიგებენ, როდესაც რომელიმე სახელმწიფოს საზღვარს გადაკვეთენ და ადგილზევე დააპატიმრებენ.

უნივერსალური იურისდიქციის ამოქმედების მაგალითები მრავლად არსებობს. ასე მოხდა გერმანიაში, როცა ბელარუსმა უფლებადამცველებმა უნივერსალური იურისდიქციის ფარგლებში წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ბერლინს მიმართეს და გერმანიის პროკურატურამ ბელარუსი რეჟიმის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის საფუძველზე იმავე გერმანიას ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეუძლია ანალოგიური გამოძიება საქართველოში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზეც დაიწყოს.

უნივერსალური იურისდიქციის ამოქმედება საერთაშორისო დასკვნის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რეკომენდაციაა. დოკუმენტში საუბარია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვაზე, ასევე ეუთოს წევრი ქვეყნების მიმართ გაცემულია რეკომენდაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე, რადგან არსებობს ეჭვი, დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში