გია ვოლსკი: ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში

24.03.26 16:39
გია ვოლსკი: ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში

რასაკვირველია, ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში - ის იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, "ხოშტარია ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის"

„რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როცა 4 შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და არათუ უარყოფს თავის დანაშაულს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუკი ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს. მათ შორის, პიროტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც მის ოფისებში ინახებოდა. 

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში.  ეს ყველამ კარგად იცის. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისათვის უკეთებდა ორგანიზებას ამ პროცესს. ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქი, რასაკვირველია, იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა"- თქვა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. 

„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.