პაპუაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესი საბჭოთა კავშირს შეადარა

24.03.26 17:37
პაპუაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესი საბჭოთა კავშირს შეადარა

შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესი საბჭოთა კავშირს შეადარა - განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას "ამ ხალხთან სალაპარაკო არ აქვს". 

ეს ხომ აჩვენებს, რომ ისინი საქართველოს და ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ. მათთვის ჩვენ ვართ მეჩვიდმეტეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა, რომელშიც ჩამოვიდნენ რაღაცების საქადაგებლად. ჩვენ ვგონივართ კულტურისგან შორს მდგომი, რაღაც მათ მაღალ მატერიებთან არნაზიარები ადამიანები.

რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ? ეს არის ზუსტად საბჭოთა აზროვნება. სხვა რამე იყო საბჭოთა კავშირი? ჩვენ იმას ვშიშობთ, რომ საბჭოთა კავშირისკენ [მიექანებიან]. კი არ მიექანებიან, იქ არიან უკვე. ზოგიერთი უკვე დიდი ხანია. ამას ხანდახან, საბჭოთა მოსკოვიც კი არ კადრულობდა.

ამ ე.წ. ლიბერალურ სამყაროში ამას კადრულობენ. ასე გვაკნინებენ ქართველებს. გვთვლიან მეჩვიდმეტეხარისხოვან ერად, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი პარლამენტი არ გვაქვს, რომ ჩვენს პარლამენტს შეუძლიათ რაღაცები უწოდონ ისე, როგორც მათ გემოვნებაშია. ასე რომ, ამ ხალხთან სინამდვილეში, არაფერ ღირებულებით საკითხზე სასაუბრო არ გვაქვს. ისინი იხარშებიან საკუთარ ზიზღში მათ შორის, იმის მიმართ, რომ თავისი ხელისუფლება ვერ დასვეს საქართველოში. ასე რომ, არ ვიცი, ვინ მიიღებს მონაწილეობას [ხელისუფლების მხრიდან], მაგრამ ამათ რა ვესაუბროთ?

რა თქმა უნდა, სანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, მანამდე ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი არ გვაქვს.

არაფრის დატოვებას არ ვაპირებთ, ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი ვართ და პირიქით, უნდა ვაიძულოთ, რომ პატივი სცენ სუვერენიტეტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება. სტრასბურგში, ზუსტად ერთ კვირაში, 46 ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგატები შეიკრიბებიან და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვითარებაზე იმსჯელებენ.

სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. ანგარიშში საუბარია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, სავარაუდო წამებაში ბრალდებული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ახალი კანონების გაუქმებაზე.