ივანიშვილის ძალაუფლების და მმართველობის შემზარავი სახე - თამარ ბაგრატიონის გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ
თეთრ სახლში პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას, თბილისში აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს სახელმწიფო ინსტიტუტების კრიზისად აფასებენ.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს კონკრეტულად ერთი ადამიანის პრობლემა არ არის და „დეგრადირების იმ გაუსაძლისი ხარისხს" აჩვენებს, რომელშიც ივანიშვილმა სახელმწიფო ჩააგდო.
მოცემულობა არის, რომ ჩვენ ამ ადამიანებს არ ვაღიარებთ, მე არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას, ძალიან ბევრი ადამიანი არ აღიარებს ამ ხელისუფლებას. მაგრამ რაც აქ ჩანს, არის ის, რომ თვითონაც არ აღიარებენ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებენ რა პასუხისმგებლობაა ის, რო იყო, მაგალითად, ყოველ შემთხვევაში, ამბიციას აცხადებდე, რომ იყო პრეზიდენტი, ამბიციას აცხადებდე, რომ იყო პირველი ლედი. შესაძლოა, ქალბატონი თამარის არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, მას ეს როლი მოერგო და დიდი ალბათობით, დარწმუნებულიც ვარ, რომ ისევე როგორც მის მეუღლეს, მასაც არავინ ჰკითხა ისე დაატეხა თავზე ამ როლის შესრულება და როდესაც რაღაც სტატუსი გაქვს, მერე უკვე ეს წარმოშობს ვალდებულებას, რომ შესაბამისად იმოქმედო. ეს აჩვენებს მის მიღმა რა ხდება, სახელმწიფო ინსტიტუციები რა დღეშია, ამას აჩვენებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემა, ამან კარგად გამოაჩინა დეგრადირების ის უკვე გაუსაძლისი ხარისხი, რომელშიც არის ჩაგდებული საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
კრიტიკას უერთდება ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ეს შემთხვევა „ივანიშვილის მმართველობის შემზარავი სახეა“ და აჩვენებს, როგორ უგულებელყოფს "ოცნების" ხელისუფლება პროტოკოლსა და ეთიკას, რაც საბოლოოდ ქვეყნის იმიჯზე აისახება.
ივანიშვილის ძალაუფლების და მმართველობის შემზარავი სახეა, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ, რომ საკუთარი სისტემის ნაწილაკებსაც კი ასე ეპყრობა, როდესაც, წესით, ქვეყანა უნდა წარმოადგინოს. ადამიანი არის მოუმზადებელი არ ვიცი, არ იცის ენა, ახლა ეს არაფერი განსაკუთრებული არ არის ენა რომ არ იცის, მაგრამ არსებობს პროტოკოლი, არსებობს თარჯიმანი, არსებობს ეთიკა, არსებობს თავმოყვარეობა, მაგრამ ეს არ აინტერესებს ივანიშვილს ანუ მისთვის მთავარია პროპაგანდა, რომ პროპაგანდამ ატრიალოს მერე, რომ რაღაცნაირად ასეთი სამარცხვინო წარდგენა იყო ქვეყნის. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან ძემზარავია და გულწრფელად რომ გითხრათ, საკუთარი სისტემის წარმომადგენლებსაც ასე ექცევა, მოუმზდებლად, ყოველგვარი ეთიკური და ყოველგვარი პროტოკოლის ნორმების დარღვევით წარადგინა ამ ადამიანმა თავისი თავი. ფაქტია, რომ საკუთარი სისტემის წარმომადგენლებსაც ივანიშვილი არ თლის არაფრად, ანუ მისთვის ადამიანი არ წარმოადგენს ღირებულებას, - ამბობს დეკანოიძე.
გუშინ, 24 მარტს, თეთრ სახლში გამართულ „უკეთესი მომავლის“ გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის დამტკიცებული, სამიტის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე მიმართა, თუმცა წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვისას დაშვებულმა შეცდომებმა სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. ბაგრატიონი გამოსვლაში საქართველოს ისტორიის მიმოხილვას და თამარ მეფის მმართველობაზე საუბარს ცდილობდა, თუმცა მსმენელებმა არაერთი ფაქტობრივი და ფორმულირების შეცდომა დააფიქსირეს.
ორდღიან სამიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით იმართება, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ გლობალური კოალიციაა, რომელიც განათლებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.