ჯუანშერ ბურჭულაძე: პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე დღეს მივმართავ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებსი გაფორმების თხოვნით დღეს მიმართავს - ამის შესახებ ბრალდებულმა მაღალჩინოსანმა, რამდენიმე წუთის წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
შესაბამისად, დაცვის მხარემ სხდომაზე ხვალინდელი ჩანიშნული პროცესის გაუქმება მოითხოვა.
განცხადება ჯუანშერ ბურჭულაძემ მაშინ გააკეთა, როდესაც დაცვის მხარე მოსამართლესთან შემდეგ სასამართლო სხდომის დეტალებზე საუბრობდა, სადაც დაცვის მხარეს თავად ბრალდებული ჯუანშერ ბურჭულაძის გამოკითხვა სურდა.
დღეს მივმართავ პროკურატურას, ამიტომ ხვალ დაკითხვა არასწორია. ხუთშაბათს სრულად მოვრჩებით მტკიცებულებებს გამოკვლევას და შემდეგ შევძლებ ჩვენების მიცემას", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.