ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს - მახაშვილი
"ქართული ოცნება" ელენე ხოშტარიას ისევ აკრიტიკებს - ლევან მახაშვილი ამბობს, რომ მისთვის ელენე ხოშტარია „რიგითი ხულიგანია".
"მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს. რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს..."- თქვა "ოცნების" წევრმა.
„პირადად ჩემთვის, ელენე ხოშტარია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფიგურას. ის არის ერთ-ერთი რიგითი ხულიგანი, პოლიტიკური ექსტრემისტი, რომელმაც საკუთარი სურვილით, მიზანმიმართულად ჩაიდინა დანაშაული. რაც მოხდა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, მეტი აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს. რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს... პირიქით, ჩემი პირადი კითხვა სწორედ ეს არის - თუ 4 შვილი დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?! საკუთარ ოჯახზე არ ფიქრობდა?! ამიტომ, ყველა, მათ შორის, უცხოელები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, ხელისუფლებას კი არ უნდა მოუწოდონ, პირველ რიგში, ამ ადამიანს უნდა მოუწოდონ და სხვებსაც, ვინც პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ტიპის ძალადობრივი პოლიტიკური ექსტრემიზმისგან და პირიქით, ჩაერთონ კონსტრუქციულ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: "რუსული ოცნება". ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.