სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელი აშშ-ის საელჩოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.
კერძოდ, დაახლოებით ერთი საათია, რაც ამერიკის საელჩოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე, "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია და პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის წინაშე დგას.
რა თქმა უნდა, არის იმისთვის, რომ ადგილზე მოიკვლიოს ვითარება, რომ დაინტერესდეს ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური საკითხით, რაც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე და ბუნებრივია, ამავე დროს გაეცნოს იმ გამოწვევებს, რაც შუა კოლიდორს გააჩნია და მე ვფიქრობ, ის, რომ ბატონი ანდრეოლი ეწვია როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის ტერიტორიას, არის ძალიან კარგი ნიშანი იმ აქტიური ინტერესისა, რაც აშშ-ს გააჩნია შუა კორიდორისადმი და საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციისადმი, რომელიც ქოცურმა რეჟიმმა შეგნებულად შესწირა მსხვერპლად თავის რუსულ პოლიტიკურ კურსს.
ჩვენ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დღეს ჩვენ დემოკრატიას უდგას, როგორც გამოწვევა, ეს იქნება პოლიტიკური სისტემის გადახედვის ჩვენეული ხედვა, ეს იქნება, ცხადია, ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ შეხვედრაზე სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრონ, "სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ შეწყვეტილია".
მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ დღეს საქართველოს სახელით შეგვეძლოს ისეთ, ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო საკითხებზე საუბარი, როგორიც არის თუნდაც ვიზაფასილიტაციის თემა, თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა თვალსაზრისით ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, სამწუხაროდ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ შეწყვეტილია და ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი გადატვირთვის ნიშნები არ არსებობს, სანამ რეჟიმი აგრძელებს პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ პოლიტიკას და ამით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს და ასევე, ამერიკის ინტერესებს, როგორც საქართველოს მთავარი პარტნიორის, რომელსაც საქართველოს სახით სურდა დემოკრატიული, ძლიერი, შემდგარი სახელმწიფო," - აღნიშნა თინა ბოუკჩავამ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს შეხვედრები დაგეგმილი აქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, კერძო სექტორთანაც.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა არ იგეგმება მტავრობის ადმინისტრაციაში.
ამასთან, პიტერ ანდრეოლი გეგმავს, რომ პირადად ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და ნახოს ადგილზე ვითარება.