თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ნადირაძის დაკითხვა დასრულდა - რა თქვა პოლიტიკოსმა პროცესზე

26.03.26 17:32
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ნადირაძის დაკითხვა დასრულდა - რა თქვა პოლიტიკოსმა პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის დაკითხვა დასრულდა. 

ირაკლი ნადირაძემ პროცესზე განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. 

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე მურთაზ ზოდელავას მიერ გაკეთებულ მოწოდებაში არანაირი ძალადობა არ ყოფილა - "მან თქვა, "ჩავიბაროთ გასაღებიო" და თქვა იმიტომ, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული".

მე ზუსტად ამ სიტყვებით ვამბობდი, რომ აქციის ორგანიზატორი გახლავთ რუსთაველის გამზირი და რომ გეგმა არის ხალხში.

რაც შეხება უშუალოდ 4 ოქტომბერს, მანქანა დავაყენე ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე და წავედი პარლამენტის წინ, მეგონა იქ იყო სცენა. როცა მივედი, მითხრეს, აქ არ არის სცენა, არამედ სცენა არის თავისუფლების მოედანზეო და მეც წავედი თავისუფლების გამზირზე. მივედი და მითხრეს, რომ 4 საათზე გაკეთდებოდა განცხადება. რაღაც პერიოდის შემდეგ ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა, რომ მივსულიყავი ბესიკის ქუჩაზე, ბიზნეს-ცენტრის ოფისში, რათა კომენტარის ჩაწერა უნდოდა.

მივედი, სურათს იღებდნენ ქვევით ფოიეში. (იმედია, პირველი სურათი იყო და იმედია არა, უკანასკნელი). შემდგომ მოვიდა ბატონი პაატა და აღმოვაჩინე, რომ ისიც ჩასაწერად იყო მოსული. მერე ეს ყველაფერი შეიცვალა ვიდეოთი. გადავიღეთ ეს ვიდეო. მე იქ არაფერი მითქვამს, არ ვიყავი საქმის კურსში და იმიტომ. არც გვერდზე გავსულვარ, იმიტომ, რომ იქ ისეთი არაფერი თქმულა. ამის შემდგომ გამოვედით გარეთ და ჩავედით ბესიკისა და რუსთაველის ქუჩის კვეთზე. ისე, მე როგორც ვიცი, ამ ე.წ. ოფისში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა... დავტოვე ეს ადამიანები და გადავედი თავისუფლების მოედნისკენ, რადგან ისევ ჟურნალისტებმა მთხოვეს ჩაწერა... აქციაზე მართლა ზღვა ხალხი მოდიოდა.

რადგანაც გვიანდებოდა აქციის დაწყება, ავედი სცენაზე და ვთქვი, რომ ზღვა ხალხი მოდის, მათ შორის რეგიონებიდან-მეთქი. ამ განცხადებაში ვილაპარაკე ყველა პოლიტიკურ პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, ლევან ხაბეიშვილზე, მზია ამაღლობელზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ. ამავე განცხადებაში ვახსენე, რომ მთავარ სათქმელს იტყვის პაატა ბურჭულაძე-მეთქი. გამოვიდა ბატონი პაატა, წაიკითხა დეკლარაცია. ის იყო იქ მთავარი სათქმელი.

შემდგომ ადის სცენაზე მურთაზ ზოდელავა, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო ეს განცხადება, მაგრამ ხშირად ყოფილა როცა აქციის დროს ხან კანცელარიისკენ წავსულვართ და ა.შ..

მის მოწოდებაში არანაირი ძალადობა არ ყოფილა. მან თქვა, „ჩავიბაროთ გასაღებიო“ და თქვა იმიტომ, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული. დავიძარით პრეზიდენტის სასახლისკენ. რომ ჩავედით ღობე უკვე წაქცეული იყო და ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგები იყო, რომ ეს ყველაფერი იყო გათვლილი. მე ვმუშაობდი ადრე პრეზიდენტის სასახლეში და ვიცი, რა როგორ არის, რომ ღობის წაქცევა მარტივი არ არის. ღობე რომელიც ასე განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული, წაქცეული იყო. შემდეგ უკვე ხალხი ეზოში იყო. უკვე გასაგები გახდა, რომ ხალხს დაიჭერდნენ. გააზრებულად, შიშველი ხელებით, წრფელი გულით გადავედი ამ ღობეს. ჩემი თვალით ვნახე, აქციის მონაწილეებს როგორ მოჰყავდათ ხელით დახმარების მიზნით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც იქ ეკიპირების გარეშე იყო. ასეთი ხალხს კი ხელისუფლებას მოძალადეებად გამოჰყავს. ვერ ვნახე ვერც პაატა მანჯგალაძე, ვერც მურთაზ ზოდელავა და ამის შემდგომ გადავინაცვლე პარლამენტის წინ," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. [შიფრი: ipn.ge]