ტრამპმა ბაიდენის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა - ივანიშვილი კვლავ შეზღუდვების ქვეშ რჩება
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა, მათ შორის — აქტი №14-024, რომლის საფუძველზეც სანქციების ქვეშ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი.
სანქციების მოქმედების ვადის გაგრძელება ნიშნავს, რომ ივანიშვილის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გაყინული რჩება და მასზე წვდომა შეზღუდულია.
სანქციების გახანგრძლივებას აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის საერთაშორისო ურთიერთობების დარეგულირებას კიდევ უფრო ართულებს.
სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და იგივე ჩარჩოში დარჩენა, რაშიც არის რუსეთი მოხვედრილი როგორც ტერორისტის ახელმწიფო, ცხადია, ეს ურთულებს ივანიშვილს, დაალაგოს ურთიერთობები ამერიკასთან. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც იყო მიმართული "ქართული ოცნების" მხრიდან ფიასკოთი სრულდება ყოველ ჯერზე. პირველი ის, რომ პუტინთან სისტემურად არის განხილული ივანიშვილი და სანამ პუტინთან ურთიერთობები არ გაირკვევა, მანამდე ივანიშვილის ბედიც ვერ გადაწყდება და მეორე, თავად ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კვლავაც აირიოს. მათ არავითარი ნაბიჯი არ გადადგეს, რომ ეს ურთიეღთობები დალაგებულიყო, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ, პირიქით, ყველაფერი უფრო დაამძიმა და ამ დამძიმებაში გამოიხატა ირანთან, ჩნეთთან კავშირებში, რომელიც არის ცალსახად წითელი ხაზები ამერიკისთვის, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
სანქცირების გაგრძელებას პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია რუსეთის ინტერესებთან კავშირს უკავშირებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის პოზიციას.
ის რომ ივანიშვილი არის ამ აქტით სწორედ დასანქცირებული, ეს რა თქმა უნდა არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ ის წარმოადგენს კრემლის ინტერესებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ილუზია 20 იანვართან ურთიერთობების დალაგების შესახებ, კიდევ ერთხელ დაიმსხვრა ვფიქრობ ამ აქტით და მათ შორის იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ მოუხსნა ბიძინა ივანიშვილს ის სანქციები, რომელიც ამს ღიად ამხელს რუსეთის სასარგებლოდ ქმედებაში, - ამბობს თეონა აქუბარდია.
სანქციების გახანგრძლივებას უსამართლოდ აფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე და პასუხისმგებლობას პროცესის განვითარებაზე ამერიკულ მხარეს აკისრებს.
როდესაც არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის, რომ ასეთი მკაცრი ზომები იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და ძალიან საინტერესოა და ამავდროულად, გულდასაწყვეტია, როდესაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით "ოცნების" გუნდს და ტრამპის ადმინისტრაციას ღირებულებით კონტექსტში გაცხადებულად ერთი და იგივე პოზიციები გვაქვს, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, პრაქტიკაში ბევრი არაფერი იცვლება. ახლა ბურთი არის ამერიკის მოედანზე. აუცილებელია, რომ წარმატებით დასრულდეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაცხადებული ბრძოლა დიფ სთეითის წინააღმდეგ, - ამბობს არჩილ გორდულაძე.