"ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებს გამოადგება" - რას ამბობენ "ოცნებაში" დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნაზე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის ყოფილი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნა დიდ ბრიტანეთში, გასაკვირი არ არის. ივანიშვილის გუნდში დარჩიაშვილს აქებენ და ამბობენ, რომ ის კომპეტენტური და გამოცდილი კადრია, ამიტომ ამ პოსტზე ღირსეული კანდიდატი იყო.
ბატონი ილია არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, ის მუშაობდა მანამდეც ელჩად, მერე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და რა თქმა უნდა, ასეთი დიპლომატის წარდგენა დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ვინ რომელ მთავრობაში მუშაობდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს კანონთან პრობლემები ან შესაბამის უწყებებს ექნება კითხვები, ბუნებრივია, რომ ვალდებულია, ამ კითხვებს პასუხები გასცეს, თუ ადმაიანი უდანაშაულოა და არანაირი ბრალი, არანაირი ეჭვი, არანაირი კითხვა მის საქმიანობასთან არ არსებობს, რატომ არ უნდა გააგრძელოს საქმიანობა და რატიმ არ უნდა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, მითუმეტეს, როცა ასეთ გამოცდილ დიპლომატზე ვსაუბრობთ.
როცა ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ნაწილი მინისტრები შეიცვალნენ, ნაწილი მინისტრები შეიცვალნენ დროთა განმავლობაში. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. როცა მოდის პრემიერი, მოჰყავს საკუთარი პოლიტიკური გუნდი და ეს არ ნიშნავს, რომ როცა რომელიმე მინისტრი შეიცვალა, შეიცვალა მარტო იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ან რამეს ვერ აკეთებდა კარგად. შეიძლება კარგი მინისტრი წავიდეს იმიტომ, რომ ადამიანი თვლის, რომ უკეთესი შეიძლება იყოს ვინმე სხვა, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ანალოგიური შეფასება აქვს თენგიზ შარმანაშვილსაც, რომელიც ასევე დარჩიაშვილის გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ამასთან, "ოცნების" დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ დარჩიაშვილის გამოცდილება ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებს "გამოადგება", მეტადრე იმ ფონზე, როდესაც ამ თვალსაზრისით ვითარება "არასახარბიელოდ" გამოყურება.
საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია. ეს პირველი ქვეყანა არ არის, სადაც ის ელჩია, პოლონეთში იყო, თუ არ ვცდები, მანამდეც, ასე რომ, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მას ქვეყნებს შორის ურთიერთობის. მინისტრობის დროსაც, დარწმუნებული ვარ, უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა და ეს ყველაფერი უნდა გამოადგეს ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების გარკვევას და კიდევ უფრო წინ წაწევას მიუხედავად იმისა, რომ ახლა სახარბიელოდ არ გამოყურება.
როდესაც მოდის ახალი პრემიერ-მინისტრი, მას უნდა მიეცეს თავისი გუნდის დაკომპლექტების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, საკმაოდ ღირსეული ადამიანი იყოს მინისტრი, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი არის ცენტრალური ფიგურა მთავრობაში და მის სამუშაო სტილს უნდა შეესაბამებოდეს ყველა. ღარიბაშვილის დროს კი, იყო ის მინისტრი, მაგრამ მან ხანგძლივი გზა განვლო დიპლომატიურ სამსახურში და სხვა სამსახურებშიც. თუ ღარიბაშვილს მიაჩნდა, რომ მის მინისტრთა კაბინეტში ის ამ პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, იყო კიდეც და მემგონი, წარუმატებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანი იყო, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე დაძაბულია. დაწესებულია სანქციები „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლისა და ორი სატელევიზიო არხის მიმართ.