კალაძემ განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, ეს და ივანიშვილის ბიტკოინები არის ელექტროენერგიის ფასის გაძვირების მიზეზი - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფასის მატება ენერგეტიკულ სექტორში არსებულ სქემებთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკაში შექმნილი ვითარება პირდაპირ აისახება ტარიფებზე, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ღირებულება შემცირდება.
„შევარდნაძის დროს დენი არ იყო იმიტომ, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრები, რუსეთის ჩუბაისთან ერთად ყიდდნენ ენგურჰესის დენს მარცხნივ, თურქეთში.
ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ანატოლი ჩუბაისი შემხვდა და შემომთავაზა იმავე სქემის გაგრძელება. ნუ, ჩემი პასუხი გასაგებია, რის შემდეგაც ჩუბაისმა საჯაროდ მიწოდა "რუსოჰობი", სამაგიეროდ, საქართველოში დენი მოვიდა.
კალაძემ კი, ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას, განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად.
ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების. როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი ისევ გაიაფდება. მადლობა ყურადღებისთვის“,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 1 აპრილს გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. თბილისში, სხვადასხვა მოხმარების კატეგორიებისთვის, ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით მატულობს.