კალაძე ამტკიცებს, რომ მიუსაფარი ძაღლების თემაზე გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუეა
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მიუსაფარი ცხოველების თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მისი თქმით, გავრცელებული მძიმე ბრალდებები ფაქტებს არ ეფუძნება და საზოგადოება უკვე ხედავს, თუ ვინ ცდილობს საკითხის პოლიტიზებას.
ამბობენ, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, არანაირი ფაქტი არ არსებობს! ეს არის მიზანმიმართული ტყუილი! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიუსაფარი ძაღლების თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია.
„მგონი ყველამ კარგად დავინახეთ, რა იდგა ამ ყველაფრის უკან, სამწუხაროა, როდესაც მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ზოგადად, მიუსაფარი ძაღლების თემა სენსიტიურია და ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ საკითხს. ამის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. რაც შეეხება პრობლემას, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის.
თბილისის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო, თუ რას ვაკეთებთ. ბოლო წლები იმდენი სტერილიზაცია-კასტრაცია ჩატარდა, რაც არ მგონი არასდროს გაკეთებულა. გარდა ამისა, ახალი 2 პროექტი ხორციელდება, ერთი გლდანში - თავშესაფარი 500 ძაღლზე. ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მიუღებელია და დაუშვებელია. როდესაც მძიმე ფატებზე საუბრობენ, ამბობენ, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, არანაირი ფაქტი არ არსებობს! კონკრეტული ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია არავის. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი“,- აღნიშნავს კალაძე.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისსა და რეგიონებში აქციებს მართავენ. მათი განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სტერილიზებულ და აცრილ ცხოველებს თავშესაფრებში გადაჰყავს და უკან პირვანდელ გარემოში აღარ აბრუნებს, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ.