რაზე ისაუბრა კობახიძემ ალიევთან ერთობლივ პრესკომფერენციაზე
"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისსა და ბაქოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ხოლო თანამშრომლობა როგორც ორმხრივი დღის წესრიგის, ისე რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, არამედ მთლიანად რეგიონის მომავალზე. მისივე შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობების საფუძველს ქმნის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გლობალური პოლიტიკური ცვლილებები „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამ ალიევს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის გახლავთ საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მისი საქართველოში ჩამობრძანება არის განსაკუთრებული პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ საქართველოში და განვიხილოთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესები. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სამძიმრისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირადად თქვენი და აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან გამოხატული თანაგრძნობისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ.
ჩვენს ხალხებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი, განსაკუთრებული ისტორიული მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და ამ ურთიერთობების ლოგიკური გამოხატულება არის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა, ჩვენი ურთიერთობები, მეგობრობა დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ყველაფერში განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევასა და ჩართულობას, ბატონო პრეზიდენტო. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო დელეგაციების წევრებს, ჩვენს მინისტრებს, მთავრობების წარმომადგენლებს, ჩვენს ელჩებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოსთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.
ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის “შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.
ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ბრიფინგზე საუბარი შეეხო როგორც სავაჭრო ურთიერთობებს, ისე ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება და პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება.
„მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.
ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ხალხების, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ამ ყველაფერში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს.
დასასრულს, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობას გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად თქვენ შეგაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.