რა მიზნით ჩამოდის თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია?
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს, "TV პირველის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ესტუმრებიან. ვიზიტის ამოცანა რეგიონში ამერიკის ეკონომიკური ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაა, თუმცა "ოცნების" ნაწილი ცდილობს ეს ვიზიტი იზოლაციის გარღვევად წარმოაჩინოს. უფრო მეტი დეტალის დაზუსტება საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან გვსურდა, თუმცა ნიკა სამხარაძემ დუმილი არჩია.
"TV პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ოპოზიციონერ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც გეგმავს შეხვედრას. 2 ვიზიტი ბოლო ერთ თვეში - ჯერ საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი პიტერ ანდრეოლი ესტუმრა და ანაკლიის პორტი მოინახულა. ანაკლიაში ჩასვლით გამოჩნდა, რომ ამ ვიზიტის მიზანი ღრმაწყლოვან პორტში ამერიკელების ინტერესის გამოკვეთა იყო, შემდეგ კვირას დაგეგმილი მორიგი ვიზიტი კი ოპოზიციის შეფასებით შეერთებული შტატების 2 მთავარ ინტერესს გამოკვეთს - ტრამპის მარშრუტის განვითარება და ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები.
ვაშინგტონის მიზანი საქართველოს მიზანს ემთხვევა - რეგიონში რუსული გავლენები მაქსიმალურად შესუსტდეს, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფი "ოცნება" კი თითოეულ კომუნიკაციას, ხელის ჩამორთმევას თუ აზრთა გაცვლა-გამოცვლას საკუთარი გუნდის პოლიტიკურ წარმატებად წარმოაჩენს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მსოფლიოში ყველა რეჟიმს ელაპარაკება, გამონაკლისი არც "ქართული ოცნებაა".