ჯარის ძარცვის საქმე - ვლადიმერ ღუდუშაურს განცხადებაში, სადაც საპროცესო შეთანხმებას ითხოვს, ზიანის ანაზღაურება არ მიუთითებია

08.04.26 13:42
ჯარის ძარცვის საქმე - ვლადიმერ ღუდუშაურს განცხადებაში, სადაც საპროცესო შეთანხმებას ითხოვს, ზიანის ანაზღაურება არ მიუთითებია

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას პარასკევს მიმართა - ამის შესახებ სასამართლო პროცესის პარალელურად მედიასთან კომენტარი მისმა უფლებადამცველმა დიმიტრი მჭედლიშვილმა გააკეთა.

ადვოკატის თქმით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მათ განცხადებათი არაფერია ნათქვამი, რადგან როგორც მჭედლიშვილი ამბობს, ღუდუშაურს სამინისტროდან მითვსებული თანხიდან "არაფერი შეხვედრია".

ადვოკატის თქმით, დააკმაყოფილებს თუ არა ბრალდების მხარე ბრალდებულის მოთხოვნას, ცნობილი დღეს გახდება.

ვლადიმერ ღუდუშაურის სახელით მივმართეთ პარასკევს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. დღეს ბრალდების მხარე ამბობს დასკვნით სიტყვას და სავარაუდოდ, დღესვე გვეცოდინება პასუხი, ვის მიმართ გამოიყენებენ საპროცესო შეთანხმებას და ვის მიმართ არსებითად დასრულდება ამ საქმის გახილვა. 

ზიანის ანაზღაურების ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებაში არ მიგვითითებია იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესზეც გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ ღუდუშაურს ამ თანხიდან არანაირი თანხა არ შეხვედრია, შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ განცხადება მხოლოდ პირობით მსჯავზე და შესაბამისი მცირე ჯარიმაზე, რაც გირაოს სახით აქვს შეფარდებული, დანარჩენი უკვე პროკურატურაზეა დამოკიდებული ზიანის თანხას მას დააკისრებენ თუ არა, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სასამართლო მსჯელობს ასევე ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას,  სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმეზე. 

პროცესს ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება.

გაუფორმდებათ თუ არა ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება, ამ დროისთვის ისევ უცნობია.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.