ჩემი გიორგი 9 აპრილს სასწაულად გადაურჩა, მაგრამ ვერ გადაურჩა 2024 წლის 24 ნოემბერს - მარინა ტერიშვილი
ჩემი გიორგი ტერიშვილი იმ 9 აპრილს სასწაულად გადაურჩა, იმ ღამეს, მაგრამ ვერ გადაურჩა 2024 წლის 24 ნოემბერს კობახიძის ნათქვამ სიტყვებს, - ამ განცხადებით სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედა, მარინა ტერიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი შვილი პროტესტში სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ჩაერთო.
მისი თქმით, ტერიშვილი აქტიურად მონაწილეობდა აქციებში და ბრძოლა არ შეუწყვეტია, მიუხედავად მძიმე ტრაგედიისა ოჯახში. ტერიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ სინდისის პატიმრები „საქართველოს სიყვარულისთვის ისჯებიან“ და მათი გათავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.
ჩემი გიორგი ტერიშვილი იმ 9 აპრილს სასწაულად გადაურჩა, იმ ღამეს, მაგრამ ვერ გადაურჩა 2024 წლის 24 ნოემბერს კობახიძის ნათქვამ სიტყვებს, რომელმაც გამოაცხადა, რომ ევროპულ მომავალს აჩერებდა, რა თქმა უნდა ჩემი შვილი და მთელი ხალხი სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში, რათა გაეპროტესტებინათ ეს უკანონობა. ჩემს შვილს, 17 წლის მამუკას, რომელსაც დროშა ეჭირა და მიტინგს წინ მიუძღვოდა, სნაიპერის ტყვიით დამიხვრიტეს და ადგილზევე გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, იმის შემდეგ ბრძლა გიორგის არ შეუწყვეტია, მითუმეტეს, ამ ამბების შემდეგ როგორ შეწყვეტდა ბრძოლას, რომ ჩემი ძმის სისხლით მოპოვებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ივანიშვილს როგორ უნდა გავატანო რუსეთშიო და ყველა აქციაზე დადიოდა.
ეს ყველა სინდისის პატიმარი არის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის. ვაპირებთ, ამაღამ პატივი მივაგოთ 9 აპრილს გარდაცვლილ ახალგაზრდებს. ყველაფერს ველოდებით, შეიძლება კიდეც დაგვარბიონ, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავნებდებით მანამ, სანამ ყველა სინდისის პატიმარი და ჩვენი ქვეყანა არ გათავისუფლდება ამ რეჟიმისგან, - ამბობს მარინა ტერიშვილი.
„თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“ — ამ გზავნილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო შეკრება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება.
აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან, სადაც, როგორც წინა წელს, სინდისის პატიმრების დედები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ. მათი თქმით, ისინი მემორიალს დაიცავენ, რათა მისი გვირგვინით შემკობის შესაძლებლობა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს არ მიეცეთ.