აჭარის სამინისტრო ლაშა ტალახაძეს 250 ათას ლარს ტენდერის გარეშე გამოუყოფს

13.04.26 13:46
აჭარის სამინისტრო ლაშა ტალახაძეს 250 ათას ლარს ტენდერის გარეშე გამოუყოფს

აჭარის კულტურის სამინისტრო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, ხოლო თანხა ლაშა ტალახაძეს დაჩქარებული წესით გადაეცემა. გადაწყვეტილება, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის წერილის საფუძველზე მიიღეს.

როგორც ირკვევა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს მიეცა უფლება, აღნიშნული თანხა ტენდერის გარეშე, პირდაპირ დახარჯოს. არსებული ცნობებით, დაფინანსების მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა და პროცესი ერთი ოფიციალური წერილით მოგვარდა.

კორუფციის მკვლევარები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში შესაძლო რისკებზე საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ გამარტივებული წესით თანხის განაწილება გამჭვირვალობისა და კონტროლის პრობლემებს აჩენს.

ამ საკითხს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აფასებს და ყურადღებას ამახვილებს როგორც პროცედურულ, ისე ფინანსურ რისკებზე. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შესყიდვები ხშირად უკავშირდება არასათანადო დაგეგმვას და ბიუჯეტური რესურსების არაეფექტურ გამოყენებას. დონაძე აღნიშნავს, რომ ტენდერის გარეშე, დაჩქარებული წესით თანხის გაცემა ზრდის არამიზნობრივი ხარჯვისა და ზედმეტი დანახარჯების რისკს.

ამ შესყიდვას აქვს რამდენიმე მნიშნელოვანი პრობლემა. პირველი პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტი არის დაუგეგმავი გამომდინარე იქიდან, რომ თუ საერთაშორისო ტურნირი იყო, არავინაა წინააღმდეგი, საერთაშორისო ტურნირებისთვის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის - უნდა დაიხარჯოს, რა თქმა უნდა, ოღონდ ამას აქვს თავისი თანმიმდევრობა. 25 მარტს გაიგო ტალახაძემ, რომ საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა? წლის დასაწყისში რატომ არ იყო გაწერილი ეს ყველფერი ბიუჯეტში? ლაშა ტალახაძე გრაფიკსაც კი არ უყურებს, რომ მის სფეროში საერთაშორისო ტურნირები როდის ტარდება. შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობით შემდეგ უკვე შესყიდვების განხორციელება, როგორც ყოველთვის და პრაქტიკაში ასეა, არის უფრო ძვირი, ვიდრე ტენდერი. ეს არის ბიუჯეტის ფული და ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს დაგეგმილად და არავინ ვართ ვალდებულნი, რომ ტალახაძეს როდის გაახსენდება საერთაშორისო ტურნირი, რომ უცებ ბევრი ფული გადავიხადოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სპორტის ქომაგებმა უფრო კარგად ვიცით რა და როგორ ტარდება, ვიდრე მაგალითად, ტალახაძემ და კულტურის და სპორტის სამინისტრომ. ეს არის სამწუხარო, როდესაც გამართულად არ მუშაობენ სტრუქტურები და მათი ცუდად მუშაობა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების გაღარიბებაზე. აისახება იმიტომ, რომ არარაციონალურად, არაეკონომიურად გაიხარჯება ეს ფული, ის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, - ამბობს ბესი დონაძე.