ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება - ხუნდაძემ კობახიძის გუნდი ისევ გააკრიტიკა

14.04.26 13:35
ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება - ხუნდაძემ კობახიძის გუნდი ისევ გააკრიტიკა

"ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე "ოცნება" ღიად გააკრიტიკა და ამომრჩევლებისთვის მიცემული შეუსრულებელი დაპირებები გაახსენა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება კონკრეტულ პრობლემებს უკავშირდება და ხელისუფლება დაპირებების ნაცვლად რეალურ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და "ოცნებამ" მოქალაქეების საჭიროებებს ყოველდღიურად უნდა უპასუხოს.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ გამოწვევებზეც და განაცხადა, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, მათ შორის, ელექტროენერგიასა და საწვავზე, რაც მოსახლეობაზე დამატებით წნეხს ქმნის. მისი შეფასებით, რიგ შემთხვევებში, მიღებული გადაწყვეტილებები თავად უწყობს ხელს ამ ტენდენციების გაღრმავებას.

საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია,ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია. 

გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩეველი თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგებისთვის გჭირდებათ, ისინი უსასრულოდ თავს არ გამოგვაყენებინებენ. 

არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს [...]

ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ამ ტენდენციებს ჩვენი გადაწყვეტილებით ვუწყობთ ხელს. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანების შეზღუდვით, რამაც ავტომობილები უკვე გააძვირა [...]

ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად იმატებს.

ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს და არ უნდნა გავერთოთ ჩვენ არასაარჩევნო პერიოდით, რომ დღეს ყველაფერი შესაძლოა გავაკეთოთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესი, - თქვა ხუნდაძემ. 

დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე ასევე ყურადღება მუნიციპალიტეტებში არსებულს პრობლემებზე გაამახვილა.  

თიანითი მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი, რომ ადგილობრივი რესურსით, პრაქტიკულად, პირველი რიგის პრობლემებიც რამენაირად მოგვარდეს. დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელიც წლებია უკვე საქართველოს გაერთიანებული წყლების კომპანიამ შეიმუშავა, თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. ორი პირი ხელმძღვანელობა ისე შეიცვალა, რომ საშელი არ არის. დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები - 31 თემი ელექტროენერგიის გარეშეა დღესაც. იყო ბევრი დაპირება და ცოტა საქმე ამ მიმართულებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და პაციენტები მხოლოდ გულწრფელი ექიმებისა და მედპერსონალის იმედად არის ადრჩენილი. პირველი არ არის ჩემი წუხილი მცხეთასთან მიმართებაში. ძირითადი პრობლემა პასუხისმგებლობის მუდმივად სადღაც ზევით გადამისამართებაა, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქრონიკულ პრობლემად იქცა. შედეგიც სახეზეა - სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. მოძრაობა გაუსაძლისია ცენტრალურ ქუჩაზე, - განაცხადა ხუნდაძემ.